"პსჟ-ში ისეთი წარმატებული ვერ იქნება, როგორიც ბარსაში იყო", - ჟინოლას მესის წარმატების არ სჯერა
საფრანგეთის ნაკრებისა და "პსჟ"-ს ყოფილი ნახევარმცველი, დავიდ ჟინოლა დარწმუნებულია, რომ პარიზელთა ახალწვეული, ლიონელ მესი ვერ გამოიჩენს თავს ისე, როგორც ელიან.
მოგეხსენებათ, არგენტინელ სუპერვარსკვლავს ივნისის თვეში 34 წელიწადი შეუსრულდა.
"მესის "პსჟ"-ში გადასვლა ფრანგული ფეხბურთისთვის შესანიშნავია. თუმცა, ეჭვი მეპარება, რომ ლეო ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც "ბარსაში" იყო".
"34 წლის არის, ახლა გზის ბოლოში უფროა, ვიდრე დასაწყისში", - ციტირებს ჟინოლას სიტყვებს ფრანგული გამოცემა RMC.
შეგახსენებთ, მესი "პსჟ"-ში აგვისტოს დასაწყისში "ბარსელონადან" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა.
"ოქროს ბურთის" 6-გზის მფლობელმა პარიზულ კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, თანამშრომლობის კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების შესაძლებლობით.