რამოსის დებიუტი კვლავ გადაიდო - ესპანელი მცველი პსჟ-ს უახლოეს ორ მატჩსაც გამოტოვებს
"პარი სენ-ჟერმენის" ცენტრალური მცველის, სერხიო რამოსის დებიუტი კვლავ გადაიდო. საქმე ისაა, რომ ესპანელი უკანახაზელი გამოჯანმრთელებას ჯერ კიდევ ვერ ახერხებს.
"პსჟ"-ს ცენტრბექს აწუხებს მუხლის ტრავმა, რომელიც მან ჯერ კიდევ მადრიდის "რეალში" თამაშის პერიოდში მიიღო. როგორც ვხედავთ, პარიზელთა ოთხიანის რეაბილიტაციის პროცესი იწელება.
პირენეელი მცველის მოედანზე გამოსვლას ვარაუდობდნენ საერთაშორისო სანაკრებო შესვენების დასრულების შემდეგ, 11 სექტმებერს, ლიგა 1-ის მორიგ ტურში, "კლერმონის" წინააღმდეგ.
35-წლის უკანახაზელი გამოტოვებს როგორც აღნიშნულ შეხვედრას, ისე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურსაც, რომელშიც "ლურჯ-წითლები" 15 სექტემბერს "ბრიუგეს" ესტუმრებიან.
ჯერჯერობით უცნობია, იქნება თუ არა რამოსი საფრანგეთის ჩემპიონატის შემდეგ ტურში, რომელიც გაიმართება 19 სექტემბერს, მაურისიო პოჩეტინოს გუნდისა და ლიონის "ოლიმპიკის" ცენტრალური მატჩით პროგრამაში.
შეგახსენებთ, რომ ესპანელი ცენტრბექი "პარკ დე პრენსზე" გადმოვიდა თავისუფალი აგენტის სტატუსით, ანუ სრულიად უფასოდ. სერხიოს გარდა, "პსჟ"-მ დაიმატა კიდევ 5 მოთამაშე, მათ შორის ლეო მესიც.