პოჩეტინო: "მბაპეს პსჟ ძალიან უყვარს"
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ „კლერმონთან“ მოგების შემდეგ კილიან მბაპეზე ისაუბრა.
მატჩის დაწყების წინ, მბაპეს გვარის გამოცხადებისას „პსჟ-ს“ გულშემატკივრებმა გამაყრუებლად დაუსტვინეს. მათ არ მოსწონთ, რომ ფეხბურთელს გუნდის დატოვება და მადრიდის „რეალში“ გადასვლა სურს, რის გამოც კონტრაქტს არ ახანგრძლივებს.
„მბაპე დიდი პროფესიონალია. ის შესანიშნავი ფეხბურთელი და კარგი ბიჭია, რომელსაც ეს კლუბი ძალიან უყვარს.
„პსჟს-სადმი“ სიყვარულს კილიანი აქ ყოფნის მანძილზე ყოველთვის ამტკიცებდა.“ - ციტირებს არგენტინელი მწვრთნელის სიტყვებს ფაბრიციო რომანო „ტვიტერში“.
იმ შემთხვევაში, თუ 1 იანვრამდე „პსჟ“ მბაპეს ვერ დაიყოლიებს, ახალი წლიდან ფრანგს ნებისმიერ გუნდთან წინასწარი კონტრაქტის გაფორმება და ზაფხულში უფასოდ გადასვლა შეეძლება, რადგან მას ხელშეკრულება ეწურება.