პრეზიდენტო, ასე არ შეიძლება! კობიაშვილის გამოსვლა სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს
საქართველოს ნაკრებმა სექტემბრის მატჩებში ყველა ქართველის იმედები გააცრუა. 3 მატჩი, 3 წაგება, 9 გაშვებული და მხოლოდ 1 გატანილი ბურთი - ამ საშინელი სტატისტიკით "ჯვაროსნებმა" თავი ნახევრადპროფესიონალურ გუნდებს გაუტოლეს. ისეთ გუნდებს, რომლებიც მატჩშიც განმავლობაში ხშირად კარისკენ გახედვასაც ვერ ახერხებენ.
შეკრების დასრულების შემდეგ იყო დიდი კრიტიკა, როგორც სამწვრთნელო შტაბის, ასევე ფეხბურთელების მიმართ. ტელეკომპანია იმედის სპორტულ გადაცემაში "სპორტი იმედზე" სტუმრად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი იყო, რომელიც ჩვენს მსგავსად, ძალიან გაბრაზებული იყო ნაკრების ნაჩვენები თამაშის ხარისხით, გააკრიტიკა ყველა და მიადგა ფეხბურთელებსაც. ასეც უნდა ყოფილიყო, მოთამაშეები ბევრმა გააკრიტიკა, მაგრამ ვიდეოების თანხლებით წარმოგიდგენთ კონკრეტულ მომენტებს, რამაც საქართველოს ნაკრების შიდა სამზარეულოში არსებული ცუდი სიტუაცია, შესაძლოა, კიდევ უფრო გაამძაფროს.
იმაში ვეთანხმებით ყველანი ლევან კობიაშვილს, რომ ამ მარცხის შემდეგ როგორც სამწვრთნელო შტაბი, ასევე სასტიკად გასაკრიტიკებელია ფეხბურთელებიც, მაგრამ... საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ადგა და 2 კონკრეტულ ფეხბურთელს დასდო ბრალი. კერძოდ, დავით ხოჭოლავას და გიორგი ქვილითაიაზე საერთოდ სიგიჟე თქვა: "ივნისში მწვრთნელმა არ გამოიძახა, შემდეგ გამოიძახა და შეიცვალა რამე?", ანუ მის ყოფნას საერთოდ რამე აზრი ჰქონდაო?
სექტემბრის სანაკრებო შეკრებაზე ხოჭოლავა და ქვილითაია კი არა, ნაკრების ყველა ფეხბურთელი აბსოლუტურად კატასტროფა იყო, კონკრეტული შემთხვევების გარდა. მაშინ, დაესახელებინა ყველა მოთამაშე. ახლა თქვენ გეკითხებით, რა სურვილი და მოტივაცია უნდა ჰქონდეთ ნაკრების ამ გარემოში ჩამოსვლის დავით ხოჭოლავას და გიორგი ქვილითაიას, როცა ასეთი გუნდური საშინელი თამაშების შემდეგ, მწვრთნელი მხოლოდ ამ 2 ფეხბურთელს ასახელებს დამნაშავეებში?
საქართველოს ნაკრების შეკრებაზე იდეალური სიტუაცია აღარაა. ისეთი, როგორიც 2018 წლის შემოდგომაზე იყო, თითქოს ურთიერთობებიც გახლეჩილია, რასაც ამ განცხადებებით კიდევ უფრო გაუღრმავა განვითარების პერსპექტივა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.
ამ ვიდეოში ბევრი მიხვდება, ვისზეა საუბარი, ნაკრების შეკრებაზე ჩამოსვლის პირველივე დღიდან იმაზე ფიქრობდა, კლუბში მნიშვნელოვანი თამაში აქვს და კონკრეტული შეხვედრის შემდეგ გუნდში დაბრუნება სურდაო. ლევან კობიაშვილმა ამ ვიდეოში კორეული ულსან ჰიუნდაის შემტევი ვაკო ყაზაიშვილი ამხილა, მაგრამ ბოლომდე მასზეც არ ისაუბრა.
თუ დამნაშავეებად დავით ხოჭოლავას და გიორგი ქვილითაიას გვარები მოიყვანა, რატომ არ დაასახელა ლევან კობიაშვილმა, ვისზე იყო საუბარი ამ მომენტში და რატომ გააჩინა გულშემატკივარში დიდი კითხვები? განა, რომელი უფროა გასაკრიტიკებელი: ადამიანი, რომელიც ნაკრების შეკრებაზე ჩამოვიდა და ცუდად ითამაშა, თუ ადამიანი, რომელიც ნაკრების შეკრებაზე ჩამოვიდა და მალევე, კლუბში დაბრუნება ისურვა?
დღესდღეობით ნაკრების შიდა ატმოსფერო საკმაოდ ტოქსიკურია და ამ ყველაფერს განვითარების საფუძველი კიდევ უფრო დაედო აღნიშნული განცხადებების შემდეგ. დიდი სურვილი გვაქვს, ეს სიტუაცია მალე მოგვარდეს, თუმცა ამ გადაჭრის გზებით, მოგვარდებაზე მეტად მომავალი სიტუაციის დაძაბვას აქვს.