ლაპორტამ კუმანს ულტიმატუმი წაუყენა — ბარსელონაში ჰოლანდიელი სპეციალისტის დღეები დათვლილია?
"ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს, რონალდ კუმანს გაათავისუფლებენ, თუ უახლოეს ოთხ მატჩში მისი გუნდი დადებით შედეგს ვერ დააფიქსირებს, იტყობინება ესპანური გამოცემა Deportes Cuatro.
სექტემბერში კატალონიელები ლა ლიგაში "გრანადას", "კადისსა" და "ლევანტეს", ჩემპიონთა ლიგაზე კი "ბენფიკას" დაუპირისპირდებიან.
როგორც აღინიშნება, "ბარსას" პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში "ბაიერნთან" (0:3) განადგურებით ძალიან აღშფოთებული დარჩა.
"ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელი კატალონიელთა ტაქტიკური სქემით უკმაყოფილო იყო და უნდა, რომ კუმანმა სამი ცენტრალური მცველით თამაშზე უარი თქვას, აგრეთვე ახალგაზრდა ფეხბურთელებს მისცეს შანსი. მაგალითად, რიკი პუჩს.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ბაიერნთან" განადგურების შემდეგ, "ბარსელონა" ჰოლანდიელი სპეციალისტის გათავისუფლებას არ აპირებს.