"მიქაუტაძემ იუპილერ ლიგის გუნდების დარბევაც დაიწყო" - ბელგიური პრესა ქართველზე
ბელგიის ჩემპიონატის მე-8 ტურის მატჩში ანტვერპისა და სერენის შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 2-1 დასრულდა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი სტუმართა შემადგენლობიდან საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ 56-ე წუთზე ეფექტური თამაშის შემდეგ გაიტანა. 20 წლის ფორვარდი 75-ე წუთზე შეცვალეს, რის შემდეგაც სერენმა 2 უპასუხო გოლი მიიღო საკუთარ კარში და წააგო.
ამის მიუხედავად, გიორგი მიქაუტაძემ სტატისტიკურად კარგი მატჩი ჩაატარა და ბელგიური გამოცემა voetbalkrant.com-სგან შექებაც დაიმსახურა.
"მიქაუტაძის გოლით დაწინაურების შემდეგ სერენმა ვერ მოახერხა ანგარიშის სათავისოდ შენარჩუნება. სერენს 20 წლის ქართველის სახით მართლაც შესანიშნავი ფორვარდი ჰყავს, რაც გიორგიმ ანტვერპის წინააღმდეგაც ერთი მომენტით დაამტკიცა.
უცვლელმა გიორგი მიქაუტაძემ გააკეთა ის, რაც ყველაზე კარგად იცის და იუპილერ ლიგის გუნდების დარბევაც დაიწყო," - წერს voetbalkrant.com.
გიორგი მიქაუტაძე სერენს იჯარის წესით მეციდან 2 კვირის წინ დაუბრუნდა და გუნდში სასტარტო შემადგენლობიდან 2-ჯერ ითამაშა, თუმცა 4 გოლი გაიტანა.
ქართველმა ფორვარდმა იჯარის წესით გასული სეზონიც სერენში, თუმცა მე-2 ლიგაში გაატარა, 24 მატჩში კი 23-ჯერ გაიტანა, ჩემპიონატის საუკეთესო მეგოლე გახდა და კლუბს იუპილერ ლიგაში აღზევებაში დაეხმარა.