ავტორიზაცია

როდის დასრულდება რეალის და ბეილის ისტორია?

როდის დასრულდება რეალის და ბეილის ისტორია?
თარიღი 20 სექ 2021, 11:04

"რეალის" პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა თავდამსხმელ გარეტ ბეილის მომავალ ზაფხულს გაშვება გადაწყვიტა. როგორც El Confidencial იტყობინება, მადრიდული გრანდი 32 წლის უელსელს კონტრაქტის გახანგრძლივებას არ შესთავაზებს.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა ბეილს "რეალთან" 2022 წლის 1 ივლისამდე აკავშირებს. მადრიდელთა ღირსებას იგი 2013 წლიდან იცავს. გასულ სეზონში გარეტმა იჯარით "ტოტენჰემში" იასპარეზა. ინგლისში მან 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 11 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.

რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, უელსელმა შემტევმა მოასწრო სამი შეხვედრის ჩატარება და ერთი გოლის გატანა. "რეალის" ვინგერი ამჟამად მორიგი ტრავმის მოშუშებას ცდილობს.

სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ გარეტი მადრიდელთა ლაზარეთში 8-10 კვირას გაატარებს. აქვე დავამატებთ, რომ "ჰოტსპურმა" "სამეფო კლუბის" გარემარბის გამოსყიდვა არ ისურვა.