ავტორიზაცია

"გამიხარდება, თუ შოთას ნაკრების მწვრთნელად ვნახავ" - კალაძე არველაძეზე

"გამიხარდება, თუ შოთას ნაკრების მწვრთნელად ვნახავ" - კალაძე არველაძეზე
თარიღი 20 Sep 2021, 17:04

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის და ამჟამად თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მოხარული იქნება თუ შოთა არველაძეს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე იხილავს.

ამის შესახებ თბილისის მერმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და თქვა ისიც, რომ არველაძის მხრიდან ნაკრების ჩაბარებაზე უარი მისთვის გაუგებარი იყო.

"რაც შეეხება კობიაშვილისა და არველაძის შეპასუხებებს ერთმანეთთან, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს თავისი მოსაზრების გამოთქმის შესაძლებლობა. ძალიან გამიხარდებოდა, თუ შოთა არველაძე ეროვნული ნაკრების მწვრთნელი იქნებოდა. როგორც ვიცი, ამასთან დაკავშირებით, რამდენჯერმე შეთავაზებაც იყო, თუმცა, მან უარი განაცხადა, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან თუ რაიმე გაგვაჩნია ჩვენ და წარმატებას მივაღწიეთ, ეს წარმატება ვის უნდა მოვახმაროთ, თუ არა ჩვენს ქვეყანას, ფეხბურთს, სპორტს, ეროვნულ ნაკრებს?! გულწრფელად გეტყვით, ცოტა გაუგებარი იყო მისი უარი ჩემთვის, რადგან მგონია, რომ ის ეროვნული ნაკრებისთვის ძალიან კარგი მწვრთნელი იქნებოდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 2021 წლის იანვარში ცდილობდა შოთა არველაძის დათანხმებას, რაზეც უარი მიიღო, რის შემდეგაც ფედერაციამ ეროვნული ნაკრების მწვრთნელად ფრანგი ვილი სანიოლი დანიშნა.