მზადება პოტენციური წასვლისთვის! ვის გადაბირებაზე იმუშავებს იუნაიტედი, თუ პოგბა ახალ კონტრაქტზე უარს იტყვის?
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველს პოლ პოგბას გუნდთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება.
ფრანგი ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ ჩქარობს და შესაძლო ვარიანტებს განიხილავს, თუ სად შეიძლება გადავიდეს მომავალ ზაფხულს უფასოდ. აქტიურად სახელდება მადრიდის „რეალის“ და „იუვენტუსის“ ვარიანტები.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, „იუნაიტედს“ პოგბასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს და საამისოდ ყველაფერს გააკეთებს, მაგრამ ფრანგის პოტენციური წასვლისთვისაც ემზადება.
თუ პოგბა სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს, „წითელი ეშმაკები“ „მილანიდან“ კოტდიუვარელი ნახევარმცველის, ფრანკ კესიეს გადაბირებას შეეცდებიან, რომელსაც „როსონერისთან“ კონტრაქტი ასევე ეწურება და მისი გაფორმებაც უფასოდ იქნება შესაძლებელი.
24 წლის ნახევარმცველმა გასულ სეზონში „მილანის“ მაისურით 50 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 14 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა, Transfermakrt მას 55 მილიონ ევროდ აფასებს.
პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პოგბამ 5-ვე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი შვიდი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.