ავტორიზაცია

VIDEO: ელ პისტოლერო ფორმაში შედის! სუარესმა ატლეტიკოს ურთულესი მატჩი დუბლით მოაგებინა

თარიღი 21 სექ 2021, 23:23

ლა ლიგის მე-6 ტურში „ატლეტიკომ“ მადრიდულ დერბიში სტუმრად „ხეტაფე“ დაამარცხა.

შეხვედრა სტადიონ „კოლიზეუმ ალფონსო პერესზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

მატჩში ანგარიში მასპინძლებმა 45-ე წუთზე სტეფან მიტროვიჩის გოლით გახსნეს და ტაიმი მოიგეს. ეს გოლი „ხეტაფესთვის“ „ატლეტიკოს“ კარში 11 წლის შემდეგ პირველი აღმოჩნდა.

74-ე წუთზე მოედნიდან პირდაპირი წითელი ბარათის ჩვენების შედეგად კარლეს ალენია გააძევეს, რამაც „ატლეტიკოს“ საქმე გაუმარტივა.

რიცხობრივი უპირატესობით სიმეონეს გუნდმა უკვე 78-ე წუთზე ისარგებლა და ანგარიში ლუის სუარესმა გაათანაბრა, რომელმაც 90-ზე მეორე გოლიც მიაყოლა და თავის გუნდს ურთულესი მატჩი მოაგებინა.

„ატლეტიკომ“ 2-მატჩიანი უგოლო ფრეების სერია შეწყვიტა და „ხეტაფე“ დრამატულ სტილში დაამარცხა.

„როხიბლანკომ“ 14 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მადრიდის „რეალს“ გადაუსწრო, რომელიც ამ ტურის მატჩს ხვალ, 23:55 საათზე, „მალიორკას“ წინააღმდეგ გამართავს და გამარჯვების შემთხვევაში, ლიდერობას დაიბრუნებს.

„ხეტაფეს" 6 ტურის შემდეგ კი 1 გოლი აქვს გატანილი და 0 ქულით გასავარდნ ზონაში იმყოფება.