"უნიკალურია, მესისა და რონალდუს დონეზე იქნება", - ეტო'ომ ჰოლანდსა და მბაპეს შორის არჩევანი გააკეთა
"ბარსელონასა" და "ინტერის" ყოფილმა თავდამსხმელმა, სამუელ ეტო'ომ "პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელ კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა.
კამერუნელმა ვეტერანმა მიგვანიშნა, რომ 22 წლის ფრანგ სუპერვარსკვლავს "დორტმუნდის" ფორვარდ ერლინგ ჰოლანდზე უკეთეს თავდამსხმელად მიიჩნევს.
"ჰოლანდი? ძალან კარგი თავდამსხმელია. სხვას ვერაფერს ვიტყვი. თუმცა, ჩემი აზრით, მბაპე უნიკალური ფეხბურთელია, მესისა და რონალდუს დონეზე იქნება", - ციტირებს ეტო'ოს სიტყვებს Cadena Ser.
მბაპეს "პსჟ"-სთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. კილიანი პარიზელთა ღირსებას 2017 წლიდან იცავს, იქამდე კი "მონაკოში" ირიცხებოდა.
გასულ ზაფხულს "პარი სენ ჟერმენის" ერთ-ერთი ლიდერი "რეალში" წასვლასთან იყო ახლოს, მაგრამ პარიზელებმა მადრიდელთა შეთავაზება იუარეს, მიუხედავად იმისა, რომ თავად ფეხბურთელსაც უნდოდა კლუბის შეცვლა. თავის მხრივ, პრესის ცნობით, "პსჟ"-ში მბაპე შესაძლოა სწორედ ჰოლანდმა შეცვალოს.