ხამეს როდრიგესის პირველი განცხადება ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ
"ალ რაიანის" ახალწვეულმა, ხამეს როდრიგესმა ყატარულ კლუბში გადასვლას ცხოვრების ახალი შესაძლებლობა უწოდა.
ცნობისთვის, ახალი გუნდის ღირსებას 30 წლის კოლუმბიელი ფეხბურთელი 10-ნომრიანი მაისურით დაიცავს.
"ცხოვრებისა და სიამოვნების მიღების ახალი შესაძლებლობა მომეცა. მადლობა "ალ რაიანს" იმისათვის, რომ ეს გამოცდილება მაჩუქა", - წერს სამხრეთამერიკელი სოციალურ ქსელში.
ხამესი ბოლოს "ევერტონში" ირიცხებოდა, სადაც 2020 წლიდან ასპარეზობდა და ამ დროის განმავლობაში 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა - 6 გოლი, 9 ასისტი.
2021/22 წლების სეზონში როდრიგესი "კანფეტების" განაცხადში ვერ მოხვდა და ერთი ოფიციალური შეხვედრაც კი არ ჩაუტარებია. კარიერის მანძილზე ხამესს "ბაიერნში", "რეალში", "მონაკოში", "პორტუში", "ბანფილდსა" და "ენვიგადოშიც" უთამაშია.