"ამ ქვეყანაში არაფრის გამო გაძევებენ", - კუმანი უკმაყოფილოა და საკუთარ მომავალზე საუბარიც კი არ სურს
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა ესპანეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში "კადისთან" (0:0) გამართული მატჩის შემდეგ განცხადება გააკეთა.
58 წლის ჰოლანდიელმა სპეციალისტმა, რომელსაც აღნიშნული დაპირისპირების დასრულების შემდეგ წითელი ბარათი უჩვენეს, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" თავკაცის პოსტიდან შესაძლო გათავისუფლებაზე საუბარი არ ისურვა.
"ამ ქვეყანაში არაფრის გამო გაძევებენ. ახლა უნდა გავაანალიზოთ, რა გააკეთა გუნდმა, მისმა დამოკიდებულებამ, საქმისადმი ფეხბურთელების ერთგულებამ", - ციტირებს კუმანის სიტყვებს Football Espana.
"ჩემი პირადი სიტუაციის გაანალიზება არ მსურს. პრეზიდენტი დამემშვიდობა და სასტუმროში წავიდა. თუ საუბარს მოისურვებს, რა თქმა უნდა, ამისათვის ბევრი დრო გვექნება", - დასძინა კატალონიელთა მწვრთნელმა.
ცნობისთვის, ესპანეთის ჩემპიონატის 2021/22 წლების სეზონის გათამაშების სატურნირო ცხრილში "ბარსელონა" 9 ქულით მე-7 ადგილს იკავებს.