"ითამაშებს თუ არა მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ?", - პოჩეტინომ ლეო მესის მდგომარეობა შეაფასა

"პსჟ"-ს მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ გუნდის თავდამსხმელის, ლიონელ მესის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა, რომელსაც მუხლი აწუხებს.
"ლეომ დღეს ვარჯიში დაიწყო. იმედი გვაქვს, აღდგენითი პროცესები გეგმის მიხედვით წავა, მისი მდგომარეობის შესახებ სიახლეები კვირას იქნება".
"შეძლებს თუ არა "მანჩესტერ სიტისთან" თამაშს? ამის იმედი გვაქვს, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ. ვნახოთ, რას გვიჩვენებს სამედიცინო შემოწმება უახლოეს დღეებში", - ციტირებს პოჩეტინოს სიტყვებს პარიზელთა ოფიციალური საიტი.
შეგახსენებთ, 34 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავი ლიგა 1-ის მე-6 ტურში "ლიონთან" (2:1) გამართულ მატჩში დაშავდა. ლეომ მე-7 ტურში "მეცთან" (2:1) შეხვედრა გამოტოვა და "მონპელიესთან" 25 სექტემბერს გასამართ დაპირისპირებაშიც ვერ მიიღებს მონაწილეობას.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის ეგიდით, "პარი სენ ჟერმენი" "მანჩესტერ სიტის" 28 სექტემბერს უმასპინძლებს, მატჩი სტარტს თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს.