ავტორიზაცია

დვალიშვილი: "მსაჯს ვუთხარი, რომ ბრძოლა მხოლოდ იმ შემთხვევაში გააჩეროს, თუ ნახავს რომ ვკვდები"

დვალიშვილი: "მსაჯს ვუთხარი, რომ ბრძოლა მხოლოდ იმ შემთხვევაში გააჩეროს, თუ ნახავს რომ ვკვდები"
თარიღი 26 სექ 2021, 09:31

მერაბ დვალიშვილმა UFC 266-ზე ბრაზილიელი მარლონ მორაესი მეორე რაუნდში დაამარცხა და ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა.

დაპირისპირების დასრულებისთანავე, მერაბს ოქტაგონზევე ჰკითხეს, როგორ მოახერხა მან პირველი რაუნდის გადატანა და მეორეში ასეთი ქამბექის შესრულება.

მერაბ, როგორ შეძელი ასეთი რაუნდის ატანა და შემდეგ მეორეში გამარჯვების მოპოვება? რა მყარი ხარ...

„მე საუკეთესოებთან ერთად ვვარჯიშობ, რა თქმა უნდა მყარი ვარ, ამიტომაც ვარ აქ (პროფესიონალი - ავტ.) უკვე შვიდი წელია.“

რამდენად გტკიოდა?

„ბედნიერი ვიყავი, ასეც ხდება, ყველას ტკივა. რამდენიმე ბრმა დარტყმა მივიღე, მაგრამ მე მეომარი ვარ და მსაჯს ვუთხარი, რომ თუ რაღაც მოხდა, ბრძოლა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეაჩეროს, თუ უკვე სიკვდილის პირას ვიქნები და არცერთ შემთხვევაში - მანამდე, ეს ჩემთვის არაფერია.

მას შემდეგ რაც მან წაგაქცია, შენ მასზე დაახლოებით 170-მდე დარტყმა მიიტანე ისე, რომ მან ერთხელაც ვერ გიპასუხა. ეს სისწრაფე ნამდვილი სიგიჟეა. ეს რამე წინასწარი გეგმა იყო?

სიმართლე გითხრათ არანაირი წინასწარი გეგმა არ მქონია. ჩემს გუნდთან ერთად ვმუშაობდი ისე, როგორც ყოველთვის. მეტოქემ შემაძრწუნა, თუმცა მაშინვე ვიფიქრე, რომ უნდა დავბრუნდე და პასუხი გავცე. ამიტომაც მოხდა ის, რაც მოხდა. 

ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვე ამ წონაში მსოფლიოს 6 ყველაზე რთული მეტოქეებიდან ერთ-ერთთან, შენ ის მაინც დაამარცხე! ვისთან ისურვებდი დაპირისპირებას შემდეგში? მე ვიცი ერთი, ვისაც შენთან სურს ბრძოლა, მაგრამ შენ მითხარი, ვისთან გსურს!

თქვენ მითხარით, ბიჭებო! თქვენ მომაწოდეთ იდეა, ვისთან უნდა ვიჩხუბო შემდეგში. თუმცა, UFC-მ იცის რომ მზად ვარ და შეუძლიათ ნებისმიერ დროს დამირეკონ. მზად ვარ. მე უბრალოდ აქ ყოფნა მიხარია. ოთხი წლის წინ UFC-ში მოხვედრაზე ვერც ვიოცნებებდი, ახლა შემომხედეთ, აქ ვარ, ლას-ვეგასში. ახლა მოვიგე ჩემი ბრძოლა, უბრალოდ ბედნიერი ვარ. ყველას ძალიან დიდი მადლობა. 

გთხოვთ, იბრძოლეთ თქვენი ოცნებებისთვის და ყველაფერი შესაძლებელია. უბრალოდ თავი არ დაზოგოთ და ბოლომდე იშრომეთ და ყველაფერი გამოვა.“