"კვარაცხელიას საფეხბურთო მამა ვარ, ზაფხულში დიდი ნერვიულობა გადაიტანა" - მამუკა ჯუღელი
ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის განცხადებით, ზაფხულში ქართველმა ფეხბურთელმა დიდი ფსიქოლოგიური სტრესი გადაიტანა სატრანსფერო ჭორებიდან გამომდინარე.
ამის შესახებ მამუკა ჯუღელმა მთავარ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
"თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამხელა ნერვიულობა გადაიტანა ამ ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელიამ. მე მისი საფეხბურთო მამა ვარ, მამამისი ჩემი მეგობარია, ოჯახმა ბავშვი მე მანდო.
მხოლოდ მამამისმა ბადრიმ, დედა მაკამ და ხვიჩამ იცის, რამდენი რაღაცის გაკეთება მომიწია, რომ ხვიჩა სტრესული მდგომარეობიდან გამომეყვანა. წერენ რაღაცეებს და ამ დროს არაფერი იციან. თუ რამე ხდება, პირველი იგებს გუნდი და მე, როგორც აგენტი, შემდეგ იგებს ფეხბურთელი.
16-17 აპრილს იუვენტუსში ჩავფრინდი, შევთანხმდით წინასწარ კონტრაქტზე პარატიჩთან, ასეთი რაღაცები არ ხდება. გაუშვეს მწვრთნელი, გაუშვეს პარატიჩიც(სპორტული დირექტორი) და ახლა ტოტენჰემშია. კლუბებიც შეთანხმებულები იყვნენ და სიტუაცია ბოლოს აირია, ეს მე ხო არ გამიკეთებია?
კვარაცხელიას ევროპაში ჩემი გაყვანა არ სჭირდება, თვითონ გავა, ისეთი ფეხბურთელია. ხვიჩა მთელმა ევროპამ იცის, ძალიან სერიოზული სტატისტიკები აქვს. რაც შემეძლო, კვარაცხელიას გავუკეთე. ახლა რეკლამა აქეთ უნდა გამიკეთოს, მე ბავშვობიდან შევქმენი," - განაცხადა მამუკა ჯუღელმა.
ხვიჩა კვარაცხელიას მთელი ზაფხულის განმავლობაში იუვენტუსს, აიაქსს, ტოტენჰემს და მილანს უკავშირებდნენ. საბოლოოდ, ქართველი შემტევი კვლავ რუბინში თამაშობს.
20 წლის ქართველ ნახევარმცველს ყაზანის რუბინთან ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე აქვს.