"რონალდუს წასვლის შემდეგაც თუ ვერ გახდება გუნდის ლიდერი, გამართლება არ ექნება", - ტონი დიბალას შესახებ
ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ლუკა ტონიმ, პაულო დიბალას შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა. იტალიელი ექს-ფორვარდის აზრით, არგენტინელის გაბრწყინების დრო უკვე არის.
"იყო საუბრები, თითქოს რონალდუ დიბალას ჩრდილავდა. დაბეჯითებით ვერაფერს ვიტყვი, უბრალოდ ფაქტია, პორტუგალიელი თავდამსხმელის გადმოსვლის შემდეგ, ის მართლაც ჩაქრა.
დრო მიდის, კრიშტიანუ აღარ არის იუვენტუსში, ეს კი ნიშნავს იმას, რომ არგენტინელი ფორვარდის გაბრწყინების დრო დგება. იმ შემთხვევაში, თუ ის ახლაც ვერ ულიდერებს გუნდს, გამართლება მას არ ექნება.
ტურინულმა კლუბმა პაულოს კომფორტისთვის გააკეთა ყველაფერი. რონალდუ წავიდა, ალეგრი დაბრუნდა, ახალი კონტრაქტი - ერთი სიტყვით, მან უნდა იმოქმედოს".
შეგახსენებთ, რომ "ბებერი ქალბატონი" თავის შემტევთან ცდილობს ამჟამინდელი ხელშეკრულების გახანგრძლივებას. თანხმობის შემთხვევაში, "ბიანკონერის" 10-იანის ხელფასი 10 მილიონამდე გაიზრდება.