შერიფის ქართველი ლეგენდა, რომელიც არ დააფასეს სამშობლოში, მოლდოვაში კი კლუბის სიმბოლოდ შერაცხეს
ტირასპოლის "შერიფი" ევროპული ფეხბურთის ყურადღების ცენტრშია. ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველმა მოლდოვურმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე ჯერ დაამარცხა დონეცკის "შახტარი", შემდეგ კი მადრიდის "რეალი".
მილანის "ინტერს" სიფრთხილე ნამდვილად მართებს. "შავ-ყვითლების" დირექტორთა საბჭოში ირიცხება ვაჟა თარხნიშვილი, რომელიც კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოთამაშედაც ითვლება.
გავიხსენოთ ყოფილი ქართველი ცენტრალური მცველის ისტორია "შერიფში". გორის "დილასა" და თბილისის "ლოკომოტივში" თამაშის შემდეგ, მისი პირველი და როგორც აღმოჩნდა ბოლო ევროპული კლუბი სწორედ ტირასპოლი აღმოჩნდა.
"რკინიგზელთა" ყოფილი უკანახაზელი მოლდოვაში წავიდა 1999 წელს და ის 14 წლის განმავლობაში გუნდში შეუცვლელი ფიგურა იყო. "შავ-ყვითლების" მე-5 ნომერმა ჩაატარა რეკორდული 449 მატჩი და გაიტანა 25 გოლი.
რაც შეეხება ტიტულებს, მოლდოვის ჩემპიონატის 11 ტიტული, შვიდჯერ მოპოვებული ქვეყნის თასი, ოთხი სუპერთასი და ორი დსთ-ს თასი. თარხნიშვილმა კარიერა დაასრულა 2012 წელს, 41-წლის ასაკში.
ქართველი ცენტრბექის წასვლის შემდეგ, "შერიფმა" მისი ხუთნომრიანი მაისური ხმარებიდან ამოიღო. ამის გარდა, 2003 წელს, მოლდოვის ერთ-ერთმა ბანკმა გამოუშვა ვერცხლის მონეტები, რომელზეც სწორედ ვაჟა იყო გამოსახული.
ტირასპოლელთა ლეგენდარულ კაპიტანს უეფამაც კი მიუძღვნა სტატია, რომელშიც ის ნახსენებია, როგორც კლუბის მიმართ ერთგულების უიშვიათესი მაგალითი.
რაც შეეხება მოლდოველთა ხუთიანის საერთაშორისო კარიერას, ის არასდროს ყოფილა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელების ინტერესთა სფეროში. თარხნიშვილის ანგარიშზეა სულ რაღაც ორი მატჩი, ისიც "შავ-ყვითლებში" გადასვლამდე.
ყოფილი ქართველი ცენტრალური მცველი ახლაც "შერიფის" სამსახურშია, ამჯერად დირექტორთა საბჭოს წევრის ამპლუაში. როგორც ვხედავთ, აქაური ნეპოტიზმით გაჟღენთილი ე.წ. "ფეხბურთის ფუნქციონერებისგან" განსხვავებით, ტირასპოლელებს დაფასება არ ეშლებათ.