სამედიცინო შტაბისგან მითითებები მიიღო - უახლოესი ინფორმაცია ჩაკვეტაძის მდგომარეობაზე
ბელგიური გენტის 22 წლის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ოქტომბრის სანაკრებო პაუზის დროს საქართველოს ნაკრებში ჩამოსვლას მოახერხებს.
GOAL.GE-ს ინფორმაციით, ფეხბურთელი კვირას, 3 ოქტომბერს, ანტვერპის წინააღმდეგ მონაწილეობას მიიღებს.
როგორც იცით, კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გიორგი ჩაკვეტაძე გენტს ანორთოსისის წინააღმდეგ დაზიანების გამო ვერ ეხმარება, მწვრთნელის თქმით, მას ბარძაყის კუნთი აწუხებდა, მაგრამ როგორც შევიტყვეთ, ფეხბურთელმა სამედიცინო შტაბისგან მითითებები მიიღო, 2-3 დღით დაისვენებს და კვირას სათამაშოდ მზად იქნება.
საქართველოს ნაკრების შეკრება 4 ოქტომბერს იწყება. ჯვაროსნები 9 ოქტომბერს საბერძნეთის, ხოლო 12 ოქტომბერს კოსოვოს წინააღმდეგ ითამაშებენ.
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია