ავტორიზაცია

ვინ შეცვლის ბარსელონაში კუმანს? — MARCA 3 გამოკვეთილ კანდიდატს ასახელებს

ვინ შეცვლის ბარსელონაში კუმანს? — MARCA 3 გამოკვეთილ კანდიდატს ასახელებს
თარიღი 30 სექ 2021, 23:44

"ბარსელონას" ხელმძღვანელობამ რონალდ კუმანის გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლება გადაწყვიტა.

როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, კლუბმა ჰოლანდიელი სპეციალისტის გაშვების გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

თუმცა, აღინიშნება, რომ კუმანის წასვლას "ლურჯ-ბროწეულისფრები" ლა ლიგის ეგიდით "ატლეტიკოსთან" გასამართი მატჩის შემდეგ დაადასტურებენ.

"ბარსას" პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა არ არის დარწმუნებული იმაში, რომ "ატლეტიკოსთან" მატჩამდე კუმანის გათავისუფლებას აზრი ჰქონდეს, რადგან ახალ მწვრთნელს ადაპტაციისთვის და მზადებისთვის დრო არ ექნება. მისი აზრით, უმჯობესია ასეთი გადაწყვეტილება კლუბმა მადრიდულ გრანდთან დაპირისპირების შემდეგ მიიღოს, როცა სანაკრებო პაუზა იწყება და ახალ თავკაცს გუნდთან გაცნობის შესაძლებლობა ექნება.

ამჟამად ლაპორტა პოტენციურ კანდიდატებს განიხილავს. "ბარსას" სიაში სამი სპეციალისტია. ესენი არიან: ანდრეა პირლო (უმუშევარი), ხავი ("ალ სადი") და რობერტო მარტინესი (ბელგიის ნაკრები).

გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონა" შეიძლება რალფ რანგნიკმა გაწვრთნას, რომელიც ამჟამად მოსკოვის "ლოკომოტივში" მუშაობს, სადაც სპორტისა და განვითარების უფროსის თანამდებობას იკავებს.

შეგახსენებთ, კუმანი "ბარსაში" 2020 წლის აგვისტოდან მუშაობს.