სიაში კლოპიცაა! — 5 მწვრთნელი, რომელმაც შესაძლოა ბარსელონაში კუმანი შეცვალოს
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის ეგიდით, "ბენფიკასთან" განცდილი გამანადგურებელი მარცხის შემდეგ, "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის გათავისუფლების საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიურმა კლუბმა ჰოლანდიელი სპეციალისტის გაშვების გადაწყვეტილება უკვე მიიღო.
თუმცა, აღინიშნება, რომ კუმანის წასვლას "ლურჯ-ბროწეულისფრები" ლა ლიგის ეგიდით "ატლეტიკოსთან" გასამართი მატჩის შემდეგ დაადასტურებენ.
"ბარსას" პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა არ არის დარწმუნებული იმაში, რომ "ატლეტიკოსთან" მატჩამდე კუმანის გათავისუფლებას აზრი ჰქონდეს, რადგან ახალ მწვრთნელს ადაპტაციისთვის და მზადებისთვის დრო არ ექნება. მისი აზრით, უმჯობესია ასეთი გადაწყვეტილება კლუბმა მადრიდულ გრანდთან დაპირისპირების შემდეგ მიიღოს, როცა სანაკრებო პაუზა იწყება და ახალ თავკაცს გუნდთან გაცნობის შესაძლებლობა ექნება.
ამჟამად ლაპორტა პოტენციურ კანდიდატებს განიხილავს. უკვე არაერთი გამოცემა წერს, რომ "ბარსას" სიაში ხუთი სპეციალისტია. ესენი არიან: იურგენ კლოპი ("ლივერპული"), ანდრეა პირლო (უმუშევარი), ხავი ("ალ სადი"), რობერტო მარტინესი (ბელგიის ნაკრები) და ერიკ ტენ ჰაგი ("აიაქსი").
ალბათ, ზემოთნახსენები კანდიდატებიდან ყველაზე ნაკლებად სავარაუდო კლოპის მოყვანაა, რომელსაც "ლივერპულთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.
ცნობისთვის, 54 წლის გერმანელი სპეციალისტი მერსისაიდულ კლუბს სათავეში 2015 წლიდან უდგას. გუნდმა მისი ხელმძვანელობით ინგლისის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.