"ის, რაც ჩაკვეტაძეს მოუვიდა, უიღბლობაა," - გენტის მწვრთნელი გიოს გაძევებაზე
ბელგიის ჩემპიონატის მე-10 ტურში ანტვერპისა და გენტის მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 1-0 დასრულდა.
აღნიშნულ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც 33-ე წუთზე პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო უხეშობისთვის და მოედანი ნაადრევად დატოვა.
მატჩის დასრულების შემდეგ გენტის მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა ქართველი ნახევარმცველი დაიცვა და მის გაძევების ეპიზოდს უიღბლობა უწოდა.
"ჩაკვეტაძეს მეტოქის შევიწროვება უნდოდა, ბურთს ფეხი ააცილა და გერკენსს შემთხვევით დააბიჯა. ამ მომენტს უიღბლობას ვუწოდებდი. შეიძლებოდა მსაჯს გიორგი დაენდო, რადგან კარგად ჩანდა, რომ განზრახ არ უთამაშია უხეშად, თუმცა წესი წესია და დავისაჯეთ.
ჩაკვეტაძის გაძევებამდე ანტვერპი მოედნიდან გავაქრეთ და ერთადერთი გუნდი, რომელსაც გამარჯვება სურდა, გენტი იყო," - განაცხადა ვანჰაზებრუკმა.
გიორგი ჩაკვეტაძე 4 ოქტომბერს საქართველოში, ეროვნული ნაკრების შეკრებაზე გამოფრინდება. ეროვნული გუნდი 9 ოქტომბერს საბერძნეთს ბათუმში დაუპირისპირდება.