ავტორიზაცია

სეზონი, რომელშიც კალაძემ თავისი ერთადერთი სკუდეტო მოიგო - რა საერთო აქვს 2003/2004 წლების მილანს ამჟამინდელთან?

სეზონი, რომელშიც კალაძემ თავისი ერთადერთი სკუდეტო მოიგო - რა საერთო აქვს 2003/2004 წლების მილანს ამჟამინდელთან?
თარიღი 04 ოქტ 2021, 11:06

სერია ა-ს 2003/2004 წლების სეზონი - სკუდეტოს იგებს "მილანი", მე-17 ტიტულს თავის ისტორიაში. "როსონერის" შემადგენლობაში იყო კახა კალაძეც, რომელმაც თავისი ერთადერთი იტალიის ჩემპიონობა სწორედ იმ სეზონში იზეიმა.

სამწუხაროდ, ყოფილი ქართველი მცველი იმ პერიოდში ტრავმებით იყო გატანჯული, რის შედეგადაც მოედანზე გამოსვლა მან მხოლოდ 11-ჯერ მოახერხა. ამის მიუხედავად, ცხადია, ტრიუმფში წვლილი "შავ-წითლების" 4-იანმაც შეიტანა.

რა კავშირშია "ეშმაკების" იმდროინდელი გუნდი ამჟამინდელთან? საქმე ისაა, რომ პირველი შვიდი ტურის შემდეგ, კარლო ანჩელოტის გუნდს ჰქონდა 19 ქულა, ისევე როგორც სტეფანო პიოლის შეგირდებს ახლა.

დიახ, ამჟამინდელმა "მილანმა" თავისი ლეგენდარული წინამორბედის საუკეთესო შედეგი გაიმეორა. განსხვავება არის მხოლოდ ის, რომ მაშინ "როსონერი" პირველ ადგილს იყოფდა ტურინის "იუვენტუსთან", რომელსაც აგრეთვე 19 ქულა ჰქონდა.

წელს კი "შავ-წითლები" არიან მეორე ადგილზე, წინ კი 100%-იანი შედეგით "ნაპოლია". "ეშმაკები" "ლურჯებს" ამ დროისთვის ორი ქულით ჩამორჩებიან. ვნახოთ, რა იქნება სეზონის ბოლოს.