"პანდორას დოსიე": რა წერია გვარდიოლას, ანჩელოტის, დი მარიასა და სხვების ოფშორულ დოკუმენტებში?
ჟურნალისტური გამოძიების საერთაშორისო კონსორციუმმა (ICIJ) მსოფლიო ლიდერებისა და ვარსკვლავების ოფშორული დოკუმენტების შესახებ ისაუბრა.
გამოძიების ფიგურანტთა სიაში აღმოჩნდნენ "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა და "რეალის" დამრიგებელი, კარლო ანჩელოტი. გარდა ამისა, დოკუმენტში მოხსენიებულია "პსჟ"-ს შემტევი ნახევარმცველი, ანხელ დი მარიაც.
გავრცელებული ინფორმაციით, გვარდიოლამ ესპანეთში არ დაადეკლარირა ის შემოსავალი, რომელიც ყატარულ "ალ სადში" გატარებულ კარიერის ბოლო ორ სეზონში მიიღო. კატალონიელი სპეციალისტი პანამურ კომპანია Repox Investments-თან თანამშრომლობს, რომელმაც ანდორას ბანკი შექმნა, მწვრთნელის პერსონალური დაცვის მიზნით, როგორც ბანკში ანგარიშის მფლობელის.
რაც შეეხება ანჩელოტის, იტალიელი ბრიტანულ-ვირჯინიული კუნძულების კომპანია Vapia Limited-ის ერთადერთი ბენეფიციარია, ეს კომპანია მის საიმიჯო უფლებებს იცავს, რომელიც 25 მილიონი ევროს ოდენობისაა.
მსგავს ხერხს მიმართა დი მარიამაც, რომელიც 2009 წელს, მადრიდის "რეალთან" კონტრაქტის გაფორმებამდე ცოტახნით ადრე, პანამური კომპანიის, Sunpex Corporation Inc-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა, ეს კომპანია არგენტინელი ფეხბურთელის კარიერის რამდენიმე წლის მანძილზე მისი სარეკლამო კონტრაქტებით იყო დაკავებული.
სწორედ ამ კომპანიის ანგარიშზე რიცხავდნენ თანხებს ისეთი კომპანიები, როგორებიც Adidas და Coca-Cola არიან, მაგრამ არგენტინელი მილიონობით შემოსავალზე გადასახადების გადახდას თავს არიდებდა. 2017 წელს, დი მარიას ესპანეთის საგადასახადო სამსახურისთვის 2 მილიონ ევროიანი ჯარიმის გადახდა მოუწია.
"თუ რეალში გადმოვა, ჩვენთან თამაშით სიამოვნებას მიიღებს", - ანჩელოტი მბაპეს შესაძლო ტრანსფერზე