რამდენი მატჩი აქვს ჩატარებული კანკავას საქართველოს ნაკრებში? - საკითხი, რომელზეც ფიფა და უეფა ვერ თანხმდებიან
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში კიდევ ერთი შეხვედრის ჩატარების შემდეგ, ჯაბა კანკავა გახდება ე.წ. ასიანთა კლუბის რიგით მეორე წევრი, ლევან კობიაშვილის შემდეგ.
როგორც მიხვდით, ქართველ საყრდენ ნახევარმცველს ამ დროისთვის ჩატარებული აქვს 99 მატჩი, თუმცა ეს მხოლოდ უეფას ვერსიით, ფიფას ვერსიით კი მის ანგარიშზე 98 თამაშია.
ისმის კითხვა - რატომ არის აცდენა ფიფასა და უეფას ვერსიებს შორის? საქმე ისაა, რომ ფიფა ერთ-ერთ შეხვედრას გაუქმებულად თვლის. საუბარია 2013 წელს გამართულ ამხანაგურ მატჩზე ალბანეთთან, რომელიც "ჯვაროსნების" გამარჯვებით დასრულდა (2:1).
იმ თამაშში ნებადართული იყო 6-6 ცვლილების განხორციელება, როგორც A კატეგორიის სტანდარტულ ამხანაგურ სპარინგში, თუმცა ჩვენი ნაკრების იმ დროინდელმა დამრიგებელმა, თემურ ქეცბაიამ 7 შეცვლა განახორციელა.
ფიფამ აღნიშნული შეხვედრის შედეგი გააუქმა, თუმცა უეფას პროტოკოლით არაფერი შეცვლილა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კი არ აღიარებს ფიფას გადაწყვეტილებას, რაც ნიშნავს იმას, რომ ბრატისლავას "სლოვანის" ჩამშლელი 100-იანთა კლუბს შეუერთდება.
აქვე დავამატებთ, რომ 35-წლის ჰავბეკი საქართველოს ნაკრებში თამაშობს 2004 წლიდან. "ჯვაროსნების" შვიდიანის დებიუტი შედგა ისევ და ისევ ალბანეთთან მატჩში, 2006 წლის მუნდიალის შესარჩევზე.
არასრულ 1 დღეში: საქართველო - საბერძნეთის მატჩის ყველა ბილეთი გაიყიდა