ლაპორტა: "ხავის ხშირად ვესაუბრები, მაგრამ ბარსელონას მწვრთნელი კუმანია"
"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ უარყო გავრცელებული ჭორები იმის შესახებ, რომ ყატარული "ალ სადის" მთავარ მწვრთნელ ხავისთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.
"ხავის ნამდვილად ხშირად ვესაუბრები, რადგან ვმეგობრობთ. ისევე, როგორც პეპ გვარდიოლასთან. მათი აზრი ჩემთვის საინტერესოა, ჩემზე მეტი იციან", - ციტირებს ფუნქციონერის სიტყვებს RAC1.
"თუმცა, ვამაყობთ, რომ ჩვენი გუნდის მწვრთნელი კუმანია. მას უნდა ვენდოთ, რათა შედეგების თვალსაზრისით ამჟამინდელი მდგომარეობა შეიცვალოს. ჩვენი გზა ახლახანს დავიწყეთ".
"ხალხს შეუძლია ის იფიქროს, რაც უნდა. არცერთხელ მითქვამს, რომ კუმანი "ბარსელონას" არ შეეფერება. ვფიქრობ, ნდობა დაიმსახურა. ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება. ჩვენი მწვრთნელი კუმანია. ბოლომდე მის გვერდით ვართ", - დასძინა ლაპორტამ.
ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში "ლურჯ-ბროწეულისფრები" სატურნირო ცხრილში 12 ქულით მე-9 ადგილს იკავებენ.