ავტორიზაცია

რეალს ხელში კოზირი უჭირავს — მადრიდელები ზაფხულში ერთდროულად ორ სუპერტრანსფერს გაჩარხავენ?

რეალს ხელში კოზირი უჭირავს — მადრიდელები ზაფხულში ერთდროულად ორ სუპერტრანსფერს გაჩარხავენ?
თარიღი 14 ოქტ 2021, 00:01

"რეალი" "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველ პოლ პოგბასადმი ინტერესს არ კარგავს, რომელსაც მოქმედი კონტრაქტის ვადა "ეშმაკუნებთან" მომავალი წლის ზაფხულში ეწურება.

როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ი იტყობინება, ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე მადრიდელები 28 წლის ფრანგი სუპერვარსკვლავის სამომავლო გეგმების გარკვევას ცდილობენ. პოგბასთან დაახლოებულმა პირმა კი მათ აცნობა, რომ ფეხბურთელი ესპანეთის დედაქალაქში თამაშს ისურვებდა.

თუმცა, "რეალი" არ აპირებს აუქციონში მონაწილეობას იმ შემთხვევაში, თუ სხვა კლუბები, რომელთაც სერიოზული ფინანსური რესურსები აქვთ, პოლს ფანჯარასთან შეუსაბამო შეთავაზებებით მიმართავენ.

ამ ეტაპზე, პოგბა "სუფთა" 15 მილიონ ევროს გამოიმუშავებს წლიურად - ეს თანხა "რეალს" ბონუსის ჩათვლითაც კი დააკმაყოფილებდა.

აღინიშნება, რომ "რეალს" 2019 წელს პოგბას ხელში ჩაგდების მცდელობა უმეტესწილად აგენტ მინო რაიოლასთან ცუდი ურთიერთობის გამო ჩაიშალა. მაგრამ ახლა, როცა იტალიური წარმოშობის მქონე ჰოლანდიელი "დორტმუნდის" ფორვარდ ერლინგ ჰოლანდის ინტერესებსაც იცავს (მადრიდელები მისითაც ინტერესდებიან), კლუბი უფრო დამთმობი იქნება.

ამასთანავე, პოგბას გადაწყვეტილებაზე გავლენა შესაძლოა "პსჟ"-ს ფორვარდ კილიან მბაპეს პოტენციურმა ტრანსფერმა მოახდინოს. თუ პოლი დაინახავს, რომ მისი თანამემამულის ტრანსფერი გარდაუვალია, მაშინ სრულიად შესაძლებელია, კილიანთან ერთად თამაში გადაწყვიტოს. მადრიდში მას კიდევ ერთი თანამემამულე დახვდება - კარიმ ბენზემა.

მიმდინარე სეზონში პოგბამ პრემიერ ლიგაში 7 მატჩი ჩაატარა და 7 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა საკუთარ აქტივში.