ავტორიზაცია

ნავსი გატყდა: ბასილაშვილმა რუს ხაჩანოვს მოუგო და კარიერაში პირველად მასტერსის 1/4 ფინალში გავიდა!

ნავსი გატყდა: ბასილაშვილმა რუს ხაჩანოვს მოუგო და კარიერაში პირველად მასტერსის 1/4 ფინალში გავიდა!
თარიღი 14 ოქტ 2021, 10:59

ინდიან უელსის მასტერსზე, რომლის საპრიზო ფონდიც 9 146 125 აშშ დოლარია, ნიკოლოზ ბასილაშვილმა 1/8 ფინალში რუსი კარენ ხაჩანოვი ორ სეტში დაამარცხა - 6:4, 7:6.

29-ე ნომრად განთესილი ბასილაშვილი ტურნირზე 24-ე რეიტინგის მქონე რუს მოწინააღმდეგესთან ფავორიტად არ მოიაზრებოდა, მაგრამ მისი დამარცხება მაინც მოახერხა, რისი წყალობითაც 180 სარეიტინგო ქულა და 175 ათასი დოლარი გამოიმუშავა.

მატჩი თითქმის ორ საათს გაგრძელდა, არადა, ნიკას გაცილებით წყნარად გამარჯვების შანსი ჰქონდა. მეორე სეტში 5:4-ზე აწვდიდა, თუმცა ხაჩანოვმა სეტის ტაი-ბრეიკში გადაყვანა მოახერხა, სადაც ბასილაშვილმა 8:6 მოიგო.

ასე და ამგვარად, საქართველოს საუკეთესო ჩოგანი პირველად კარიერაში ATP Tour Masters 1000-ის მეოთხედფინალში ითამაშებს.

ინდიან უელსის მასტერსის 1/4 ფინალში ბასილაშვილის მოწინააღმდეგე ბერძენი სტეფანოს ციციპასი იქნება, ამ უკანასკნელმა ღამით ავსტრალიელი ალექს დე მინორი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა - 6:7, 7:6, 6:2.