"ეს იყო ყველაზე რთული დღეები ჩემს ცხოვრებაში" - კვეკვესკირმა ბოდიში მოიხადა
ლეხ პოზნანის ქართველმა ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა სანაკრებო შეკრების დაწყებამდე პოლონეთში მომხდარი ინციდენტის გამო ბოდიში მოიხადა.
ალკოჰოლით თრობის ქვეშ მყოფი ფეხბურთელი საჭეს ატარებდა, რა დროსაც პოზნანში ავტოშემთხვევა მოუვიდა. საბოლოოდ, გუნდმა 29 წლის ნახევარმცველი დააჯარიმა. როგორც განცხადებაში წერია, კვეკვესკირი მიიღებს სერიოზულ ფინანსურ სასჯელს და ამასთანავე, პოზნანის შტატში პრევენციულ და სამოქალაქო საქმეებში ჩაერთვება.
29 წლის შუახაზელი ამბობს, რომ იხდის ბოდიშს, მაგრამ კიდევ უფრო მეტად მის სათქმელს მოედანზე თამაშით აჩვენებს.
"ადამიანის უმეტესობამ ალბათ იცის ჩემი უაზრო ქმედების შესახებ, რამაც ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ეს ყველაზე რთული დღეები იყო ჩემს ცხოვრებაში. ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ თითოეულ ნაბიჯს განვიხილავ და ვზრუნავ ჩემს ოჯახზე, იმიჯსა და კარიერაზე. ეს იყო მწარე, თუმცა მნიშვნელოვანი გაკვეთილი ჩემთვის.
ყველაფერი გადავაფასე და მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემი ოჯახი და გუნდი ჩემთვის. რამდენად დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ლეხ პოზნანისთვის თამაში.
მინდა ბოდიში მოვუხადო ყველას, ვისაც ჩემმა ქმედებამ იმედები გაუცრუა. უპირველეს ყოვლისა, გულშემატკივრებს, ჩემს თანაგუნდელებს, მწვრთნელებს, ოჯახის წევრებს. განსაკუთრებით, ჩვენს ახალგაზრდა ფეხბურთელებს და ქომაგს, ვისაც უნდა მივცე მაგალითი.
მსურს მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ამ რთულ პერიოდში გვერდში დამიდგა. გპირდებით, რომ ორჯერ მეტს ვიმუშავებ, რათა წვლილი შევიტანო გუნდის გაჩემპიონებაში. მსურს, ჩემი თამაშის საშუალებით ეს ინციდენტი უკან ჩამოვიტოვო. ალბათ, ვერ მოვახერხე ზუსტად გადმომეცა თქვენთვის ის, რისი თქმაც მსურდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მოედანზე ჩემი მოქმედებები ყველაზე ზუსტად ისაუბრებს იმაზე, რისი თქმაც მინდოდა," - განაცხადა ნიკა კვეკვესკირმა.
შეგახსენებთ, რომ ნიკა კვეკვესკირი პოზნანის ლეხში 2021 წლის იანვრიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მის აქტივში 8 ჩატარებულ მატჩი და 1 გოლია.