"რთული სიტუაციაა", - ორი ფეხბურთელი, რომელიც შესაძლოა ბარსამ გაისად უფასოდ დაკარგოს
"ბარსელონას" დირექტორმა, მატეუ ალემანიმ განაცხადა, რომ მცველ სერხი რობერტოსთან და თავდამსხმელ უსმან დემბელესთან ახალ კონტრაქტებზე მიმდინარე მოლაპარაკებებში სირთულეები არსებობს.
"როგორც იცით, ნამდვილად არ მიყვარს იმაზე საუბარი, თუ როგორ მიდის მოლაპარაკებები. ვიცი, კარგი იქნებოდა კამერის დაყენება, რათა დაგენახათ, რა ხდება აქ. მაგრამ დისკრეცია გვირჩევნია".
"შემიძლია ვთქვა, უკვე დიდი ხანია ბევრ ფეხბურთელს ვეკონტაქტებით. რთული სიტუაციაა. მნიშვნელოვანია, რომ ამ ფეხბურთელებს (დემბელესა და რობერტოს) "ბარსაში" დარჩენა უნდათ. შემდეგ კი უკვე აგენტები ეძებენ თავიანთი კლიენტებისთვის საუკეთესო ვარიანტს".
"ბარსელონას" ხელფასების კორექტირება უწევს. ის სიტუაცია, რომელშიც აღმოვჩნდით, ცნობილია. ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მოლაპარაკებები რთულად მიმდინარეობს და დიდი დრო მიაქვს", - ციტირებს ალემანის სიტყვებს AS.
ცნობისთვის, რობერტოსა და დემბელეს კატალონიურ გრანდთან მოქმედი ხელშეკრულებების ვადები 2022 წლის ზაფხულში ეწურებათ.