იუვენტუსი მორატას შესყიდვის ვარიანტს განიხილავს, თუმცა აქცენტს სხვა ფორვარდზე აკეთებს
"იუვენტუსი" "ატლეტიკოსთან" თავდამსხმელ ალვარო მორატას გამოსასყიდი თანხის დაკლებაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს.
მოგეხსენებათ, 28 წლის ესპანელი ფორვარდი ტურინული გრანდის ღირსებას მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით იცავს.
როგორც ცნობილი იტალიური გამოცემა Tuttosport-ი იტყობინება, "როხიბლანკოს" საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 35 მილიონ ევროს შეადგენს.
მიუხედავად ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, "იუვენტუსი" მორატას შესყიდვას იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ ზაფხულში "ფიორენტინას" თავდამსხმელის, დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერი ჩაეშლება.
თავის მხრივ, "იების" 21 წლის შემტევის ხელში ჩაგდება არაერთ ევროპულ გრანდს სურს, "ბებერი ქალბატონის" გარდა, ყურადღება უკვე გამოიჩინეს "მანჩესტერ სიტიმ", "ტოტენჰემმა" და "ინტერმა".
ცნობისთვის, ვლაჰოვიჩს ფლორენციულ კლუბთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.