იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: "იუვესთვის რონალდუს ტრანსფერი პოზიტიური არ ყოფილა"
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის (FIGC) პრეზიდენტი, გაბრიელე გრავინა ფიქრობს, რომ ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს შეძენა "იუვენტუსისთვის" საუკეთესო გადაწყვეტილება არ ყოფილა.
"არ ვფიქრობ, რომ რონალდუ "იუვესთვის" კარგი ტრანსფერი იყო, არა ჩემს ფილოსოფიაში", - ციტირებს 68 წლის ფუნქციონერის სიტყვებს Football Italia.
"ეს იტალიური ფეხბურთისთვის კარგი გახლდათ, მაგრამ ჩემი აზრით, "იუვენტუსისთვის" პოზიტიური ტრანსფერი არ ყოფილა", - თქვა გრავინამ.
შეგახსენებთ, 36 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ტურინულმა გრანდმა 2018 წლის ზაფხულში "რეალიდან" 117 მილიონ ევროდ იყიდა და კლუბში სამი სეზონი ჩაატარა.
გასულ სატრანსფერო ბაზარზე "ბებერმა ქალბატონმა" რონალდუ "მანჩესტერ იუნაიტედში" 60 მილიონად გაყიდა.