ავტორიზაცია

ჰოლანდისთვის ბრძოლაში რეალზე წინ 3 ევროპული გრანდია, ნიუკასლიც საქმეშია — AS

ჰოლანდისთვის ბრძოლაში რეალზე წინ 3 ევროპული გრანდია, ნიუკასლიც საქმეშია — AS
თარიღი 21 Oct 2021, 23:48

"დორტმუნდის" ახალგაზრდა თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდისადმი ინტერესს ბევრი ევროპული გრანდი იჩენს.

როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ი იტყობინება, 21 წლის ფორვარდისთვის ბრძოლაში "რეალს" "მანჩესტერ სიტი", "პსჟ" და "ბაიერნი" სჯობნიან.

ფრანგულ კლუბს შეტევაში ლიონელ მესისთან და ნეიმართან ერთად ჰოლანდის ხილვა სურს. ტრანსფერის გაჩარხვას ხელი "პსჟ"-ს ბოსებსა და ფეხბურთელის აგენტ მინო რაიოლას შორის არსებულმა კარგმა ურთიერთობამ შეუწყოს. გასულ ზაფხულს პარიზში რაიოლამ სხვა კლიენტი მიიყვანა - მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა.

"ბაიერნი" ჰოლანდისგან "დორტმუნდიდან" წასვლის სურვილის გამოთქმას ელოდება. თუ ეს არ მოხდება, მაშინ მიუნხენური გრანდი ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკისთან ეცდება კონტრაქტის გახანგრძლივებას. ამ დროისთვის, "ბაიერნში" შიშობენ, რომ პოლონელი კლუბის შეცვლას მოინდომებს. მოქმედი კონტრაქტის ვადა მას 2023 წლის ზაფხულში ეწურება.

როგორც აღინიშნება, ჰოლანდის მომავლისთვის მნიშვნელოვნად შეიძლება იქცეს "ნიუკასლის" ახალი მფლობელების პოლიტიკა. სავარაუდოდ, საუდელები მომავალ ზაფხულს ვარსკვლავის გადაბირებას ეცდებიან, ჰოლანდი კი ერთ-ერთი ვარიანტია, რომელსაც "კაჭკაჭები" განიხილავენ.

ამ ფონზე, "რეალის" ერთადერთი უპირატესობა ის ფაქტია, რომ კლუბს შეუძლია ნორვეგიელს კილიან მბაპესთან ერთად თამაშის შესაძლებლობა მისცეს. როგორც უკვე დაიწერა, მადრიდულ გრანდს სურს ჰოლანდი სპორტული პერსპექტივებით დაითანხმოს და არა ფულით.

მიმდინარე სეზონში ჰოლანდმა ყველა ტურნირზე ერთად 10 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი პასი გააკეთა.