ავტორიზაცია

მომავლის ელ კლასიკო - ხვალ პირველი სერიაა! ვინისიუსი თუ ანსუ ფატი, რომელია უკეთესი?

მომავლის ელ კლასიკო - ხვალ პირველი სერიაა! ვინისიუსი თუ ანსუ ფატი, რომელია უკეთესი?
თარიღი 23 ოქტ 2021, 21:58

წინა ათწლეული ყველას ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შედარებებით, რომელიც მას შემდეგაც კი გაგრძელდა, რაც პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი „სანტიაგო ბერნაბეუდან“ ტურინში გადაბარგდა.

თუმცა, ახლა კატალონიის დედაქალაქში აღარც ლეო მესი თამაშობს და ისეთ სახელოვან მატჩს, როგორიც ელ კლასიკოა, ახალი ვარსკვლავები სჭირდება. დღეს, ასეთებად ორი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვევლინება: ანსუ ფატი და ვინისიუს ჯუნიორი.

ესპანეთისა და ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელები ხვალ ერთმანეთს „კამპ ნოუს“ მინდორზე დაუპირისპირდებიან და ვნახოთ, გაეცემა თუ არა პასუხი შეკითხვას: ვინ არის უკეთესი დღეისთვის, ვინი თუ ანსუ.

ანსუ ფატი „ბარსელონას“ გარდაქმნას უდგას სათავეში - კლუბს პოსტ-ლეო მესის პერიოდის ციებ-ცხელება აქვს და ახალგზრდა ფეხბურთელი თითქმის ერთწლიანი ტრავმიდან ტრიუმფალურად დაბრუნდა და უკვე ორი გოლის გატანაც მოასწრო, თანაც საკმაოდ მცირე მონაკვეთში.

„რეალის“ ახალგაზრდა ბრაზილიელს კარიერაში საუკეთესო სეზონი აქვს: კარლო ანჩელოტის მოსვლის შემდეგ, ვინიმ ლა ლიგაში 5 გოლი გაიტანა, ჩემპიონთა ლიგაზე კი ბოლო ტურში „შახტართან“ გაიბრწყინა და ორი გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა. ჯამში, ჯუნიორს ამ სეზონის 11 მატჩში 7 გოლი აქვს უკვე გატანილი.

ფატის სტატისტიკა ჯერჯერობით ორი გოლით შემოიფარგლება, თუმცა ესპანელმა ამ სეზონში ჯერ მხოლოდ 94 წუთი ითამაშა. 

ამ სეზონში ვინისიუსმა უკვე იმაზე მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე წინა 49 შეხვედრაში - ერთად. 

ეჭვი არ არსებობს, რომ უშუალოდ ამ შეხვედრას ვინისიუსი უკეთეს ფორმაში ხვდება, მაშინ როდესაც საუკეთესო კონდიციების აღსადგენად ფატის კიდევ დრო და სათამაშო წუთები დასჭირდება. 

თუმცა, ასეთი ტიპის მატჩებში სათამაშო ფორმა და წინა შეხვედრებში ნაჩვენები თამაში ნაკლებად არის მნიშვნელოვანი - ელ კლასიკო ცალკე განზომილებაა, სადაც შეიძლება მოხდეს ყველაფერი და შეიძლება ნებისმიერმა როგორც გაიბრწყინოს, ისევე ნებისმიერი - ჩაფლავდეს.

„ლას პალმასის“ და „რაიო ვალეკანოს“ ცნობილი ექს-მწვრთნელი, პაკო ხემესი, ამ ორის შედარებაზე საკუთარ პოზიციას ასე ხსნის:

„ისინი მსგავსი ფეხბურთელები არიან, რომლებსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ. ვინისიუსი ბევრად სწრაფია და დღესდღეობით ერთ-ერთი საუკეთესოა დრიბლინგში. ანსუ კი, თავის მხრივ, გაცილებით უფრო გამტანია.

რაც შეეხება მოახლოვებულ კლასიკოს - ვინი გაცილებით კარგ რითმში იმყოფება და ახლა ძალიან თავდაჯერებულია. ანსუც კარგად დაბრუნდა, თუმცა არ ვიცი, შეძლებს თუ არა ის მოედანზე 90 წუთი გაძლოს. ალბათ, ვერა.

თუმცა, ეს იმას ნიშნავს, რომ ის აბსოლუტურად ყველაფერს დათმობს მოედანზე იმ სათამაშო დროში, რომელიც მიეცემა.“ - ციტირებს ხემესის სიტყვებს Marca.

კაცმა არ იცის, როგორ განვითარდება მათი კარიერა მომავალში, მაგრამ დიდი შანსია, ხვალ, პირველად ვიხილოთ მომავალი წლების კლასიკოს მთავარი „ჰედლაინის“ დასაწყისი.