"მისი მესმის, იმის მეათედიც კი არ გამივლია, რაც მან გადაიტანა", - ვერატიმ ნეიმარს მხარი დაუჭირა

"პარი სენ ჟერმენის" ჩამშლელმა ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ პარიზელთა თავდამსხმელს და თანაგუნდელს, ნეიმარს მხარი დაუჭირა.
აქამდე, ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა თქვა: "ვფიქრობ, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ჩემთვის უკანასკნელი იქნება. ასე იმიტომ მგონია, რომ არ ვიცი, მეყოფა თუ არა ძალა და ნებისყოფა, რომ ეს საქმე გავაგრძელო". ამ სიტყვებმა გულშემატკივართა შორის არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
"მისი მესმის, იმის მეათედიც კი არ გამივლია, რაც მან გადაიტანა. ყველა ამბობს: "უბრალო ადამიანები ხართ, ჩვეულებრივი ხალხივით უნდა მოიქცეთ", - ციტირებს ვერატის სიტყვებს Goal.com.
"თუმცა, როცა ისე ვიქცევით, როგორც უბრალო ადამიანები, ყველა ამბობს: "არა, ფეხბურთელი ხარ, ვერ მოიქცევი ჩვეულებრივი ადამიანივით". ფეხბურთელებთან მიმართებაში ყოველთვის ასეა".
"არაპროფესიონალი ფეხბურთელები ფიქრობენ: "მათ ფული აქვთ, ფეხბურთს თამაშობენ...". თუმცა, ბოლოს და ბოლოს, ეს სამსახურიცაა და არა უბრალოდ თამაში", - დასძინა იტალიელმა.