პირველად 1965 წლის შემდეგ - რეალმა ზედიზედ ოთხი კლასიკო მოიგო
მადრიდის „რეალმა“ კლასიკოში „ბარსელონასთან“ წაგების გემო დაივიწყა.
დედაქალაქურმა კლუბმა კატალონიელები ბოლო 4 შეხვედრაში დაამარცხა - ორჯერ სახლში და ორჯერაც გასვლაზე.
ეს წარმატებული სერია „რეალისთვის“ 2020 წლის 1 მარტს დაიწყო, როცა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ჯერ კიდევ ზინედინ ზიდანის გუნდმა 2:0 ვინისიუსის და მარიანოს გოლებით მოიგო.
გასული სეზონის ლა ლიგაში „რეალმა“ „ბარსა“ ორივეჯერ დაამარცხა: სტუმრად 3:1, შინ კი 2:1.
ამას დამატებული დღევანდელი მოგება (2:1) და გამოდის, რომ „რეალმა“ ბოლო ოთხ კლასიკოში თავისი მთავარი კონკურენტის დამარცხება მოახერხა.
საინტერესოა, რომ მსგავსი წარმატებული სერია კლასიკოში „რეალს“ 1965 წლის შემდეგ არ ჰქონია - მაშინ, მადრიდელებმა „ბარსას“ დამარცხება ზედიზედ ექვს შეხვედრაში შეძლეს.