შვაინშტაიგერი: "მოურინიოს მანჩესტერ იუნაიტედში ცოტას ალბათ გვარდიოლას გამო ვთამაშობდი"
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, ბასტიან შვაინშტაიგერმა ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობის ქვეშ მუშაობა გაიხსენა.
"სამწუხაროდ, მოურინიოს ხელმძღვანელობით ცოტას ვთამაშობდი, მაგრამ მას მაინც პატივს ვცემ. დიდებული მწვრთნელია, რომელსაც უამრავი ტიტული აქვს მოგებული".
"მაგრამ სიტუაცია უჩვეულო და რთული იყო, არასოდეს აუხსნია ჩემთვის, რატომ არ ვთამაშობდი. ალბათ, საქმე იმაშია, რომ ადრე გვარდიოლასთან ("ბაიერნში") ვიყავი, გვარდიოლას ფეხბურთს ვთამაშობდი, რაც მოურინიოს გემოვნებაში არ ჯდება. მაგრამ ჟოზეს ვარჯიშები მომწონდა".
"რა თქმა უნდა, განსხვავებული სტილი აქვთ. ვფიქრობ, ამიტომაც წავიდა იბრაჰიმოვიჩი. მოურინიოს ფეხბურთი ზოგჯერ ნაკლებად იყო ფეხბურთი, ქმედებები შედარებით მარტივი გახლდათ. მაგრამ თავის გუნდებთან ერთად წარმატებისთვის მიუღწევია. უბრალოდ მე უცნაური შთაბეჭდილებები დამრჩა", - განუცხადა შვაინშტაიგერმა BBC-ს.
ცნობისთვის, 37 წლის გერმანელი ვეტერანი გვარდიოლასთან ერთად "ბაიერნში" 2013 წლიდან 2015 წლამდე თამაშობდა, შემდეგ კი 2017 წლამდე მოურინიოს "მანჩესტერ იუნაიტედში" ირიცხებოდა.