"ჩემზე გაცილებით გამოცდილია", - გვარდიოლამ ბარსელონაში ხავის შესაძლო დანიშვნაზე ისაუბრა
„ბარსელონას“ ყოფილმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, რომელიც გუნდში 2008-2012 წლებში მუშაობდა, კატალონიურ გრანდში ხავი ერნანდესის შესაძლო დანიშვნაზე ისაუბრა.
ცნობისთვის, პრესას თუ დავუჯერებთ, ხავის „ბარსელონაში“ მწვრთნელის რანგში დაბრუნებას წინ აღარაფერი უდგას. მეტიც, კატალონიური გუნდის მესაჭის რანგში ხავის პირველ მატჩს 6 ნოემბერს, „სელტასთან“ ელოდებიან.
„ხავი ბარსაში? არ ვიცი რა მოხდება, მაგრამ ეჭვიც არ მეპარება, რომ ის მზად არის. მისთვის ყველაფერი ნაცნობია, მან თამაშიც იცის და საჭირო ვნებაც გააჩნია.
მას გაცილებით მეტი სამწვრთნელო გამოცდილება აქვს ახლა, ვიდრე მქონდა მე, როცა „ბარსაში“ დავინიშნე.“ - ციტირებს ესპანელის სიტყვებს ფაბრიციო რომანო „ტვიტერში“.
ხავი ერნანდესი ორი წელია ყატარული „ალ სადის" მთავარი მწვრთნელია, რომელთან ერთადაც არაერთი ტიტულის მოგება მოახერხა.