ხავი ბარსელონაზე: "ალ სადში მუშაობაზე ვარ კონცენტრირებული, სხვას ვერაფერს ვიტყვი"
ყატარული "ალ სადის" მთავარი მწვრთნელი, ხავი ერნანდესი უახლოეს პერიოდში "ბარსელონას" ჩაბარებაზე გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურა.
"ამჟამად აქ, "ალ სადში" მუშაობაზე ვარ კონცენტრირებული. სხვას ვერაფერს ვიტყვი", - ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს Diario Sport.
"მომდევნო მატჩები რთული იქნება. იმედი გვაქვს, რომ ცხრილის სათავეში დაუმარცხებლად დავრჩებით. ყველა შეხვედრა რთულია", - დასძინა ხავიმ.
როგორც აღინიშნება, გადატვირთული გრაფიკის გამო, "ალ სადი" 41 წლის სპეციალისტის 3 ნოემბრამდე შენარჩუნებას გეგმავს.
მოგეხსენებათ, კატალონიურმა გრანდმა აქამდე თავკაცის პოსტიდან რონალდ კუმანი დაითხოვა, რომელიც "ლურჯ-ბროწეულისფრებს" 2020 წლის ზაფხულიდან ედგა სათავეში.