მანჩესტერ იუნაიტედში დიდი არეულობაა, სოლსკიაერით უკმაყოფილონი არიან — რას ცდილობს რონალდუ?
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ "ლივერპულთან" (0:5) განადგურების შემდეგ ფეხბურთელების გაერთიანებას ცდილობს.
როგორც Manchester Evening News თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, პორტუგალიელმა თანაგუნდელებს ოლე გუნარ სოლსკიაერის მხარდაჭერისთვის მოუწოდა, რომელსაც გათავისუფლება ემუქრება.
36 წლის სუპერვარსკვლავმა თანაგუნდელებს ურჩია, არ დანებდნენ, მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობენ ნორვეგიელი სპეციალისტის ტაქტიკაზე.
პრემიერ ლიგის უახლოეს ტურში "ტოტენჰემთან" გასამართ შეხვედრაში "ეშმაკუნებს" კვლავ სოლსკიაერი უხელმძღვანელებს. როგორც აღინიშნება, რამდენიმე ფეხბურთელს გუნდის მთავარი მწვრთნელის აღარ სჯერა.
მოთამაშეები გაკვირვებულნი არიან იმით, თუ როგორ ახდენს სოლსკიაერი შემადგენლობის შერჩევას და არ ესმით, რატომ იღებს ჯესი ლინგარდი ასეთ ცოტა შანსს. აგრეთვე, მათ ვარჯიშებზე დონი ვან დე ბეკის მუშაობაც ხიბლავთ, მაგრამ სამწვრთნელო შტაბი ჰოლანდიელს ძალიან ცოტა სათამაშო დროს აძლევს - პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მინდორზე მან მხოლოდ 5 წუთი გაატარა.