"ბოდიშს მთელი გულით გიხდი" - ლობჟანიძემ თანაგუნდელს ბოდიში მოუხადა
თურქეთის სუპერლიგის მე-11 ტურში ჰატაისპორმა ქვეყნის ჩემპიონ ბეშიქთაშს 1-0 მოუგო.
შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-6 წუთზე ქართველმა შემტევმა საბა ლობჟანიძემ გაიტანა. ბურთი სხვას გაჰქონდა, თუმცა ჩვენებურმა კარის ხაზიდან შეაგორა, რასაც ქომაგის მხრიდან მოწონება არ მოჰყოლია.
"ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა ბეშიქთაშის წინააღმდეგ. უნდა ვაღიარო, რომ თავს ცუდად ვგრძნობ ელ კააბის მიმართ, რადგან ვაღიარებ, რომ ეს 100%-ით მისი გოლი იყო. არ ვაპირებ დავიწყო მიზეზების წერა, უბრალოდ მას გულით ბოდიშს ვუხდი," - დაწერა საბა ლობჟანიძემ სოციალურ ქსელში.
ამ მოგების შემდეგ ჰატაისპორს 23 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზეა.
რაც შეეხება საბა ლობჟანიძეს, მიმდინარე სეზონში ჰატაისპორის მაისურით 10 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.