მანჩესტერს მთავარი ვარიანტი ჩაუვარდა - ტოტენჰემში კონტეს დანიშვნა თითქმის გადაწყვეტილი ამბავია
თითქმის გადაწყვეტილი ამბავია, რომ „ტოტენჰემს“ უახლოეს პერიოდში ცნობილი მწვრთნელი ჩაიბარებს.
იტალიელი ჟურნალისტის და ინსაიდერის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში „ტოტენჰემის“ ახალი მთავარი მწვრთნელი მისი თანამემამულე, ანტონიო კონტე გახდება.
მხარეებს შორის მოლაპარაკებები საბოლოო სტადიაზე იმყოფება - კონტე „ტოტენჰემში“ დანიშვნას კარგ ვარიანტად მიიჩნევს და „ტოტენჰემ ჰოთსპურ სტედიუმზე“ მუშაობას მოუთმენლად ელის.
სავარაუდოდ, კონტე ინგლისში დღეს ჩაფრინდება, სადაც „ტოტენჰემთან“ კონტრაქტს მოაწერს ხელს და გუნდში მუშაობასაც ოფიციალურად შეუდგება.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა პირობებზე მოილაპარაკეს კონტემ და „ტოტენჰემმა“ - კონტრაქტის დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
იტალიელი ალენატორეს უკანასკნელი სამუშაო ადგილი „ინტერი“ იყო, რომელიც მან გასული სეზონის ბოლოს ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო დატოვა.
საინტერესოა, რომ კონტეს დანიშვნით „ტოტენჰემმა“ „მანჩესტერს“ ჩაუდგო კოვზი ნაცარში, რომელიც სოლსკიაერის გაშვების შემთხვევაში მთავარ ვარიანტად სწორედ ანტონიოს მოიაზრებდა.
„ინტერის", „ჩელსის", „იუვენტუსის" და იტალიის ნაკრების ექს-მწვრთნელის დანიშვნა „სპარსს" გასულ ზაფხულსაც სურდა, თუმცა იტალიელთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.