ჩემპიონთა ლიგა - ბარსელონას მე-2 ადგილზე გადასვლის შანსი, რონალდუს მორიგი Sii-ს მოლოდინში და ბევრი სხვა
დღეს, 2 ნოემბერს, ჩვენი დროით 21:45 და 23:59 საათებზე გაიმართება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის დაპირისპირებები. განვიხილოთ ყველაფერი საინტერესო მატჩების დაწყების წინ.
E ჯგუფი
ბაიერნი-ბენფიკა 23:59
დინამო კიევი-ბარსელონა 23:59
"ბაიერნი" ცალი ფეხით მერვედფინალშია და დღეს დიდი ალბათობით ყველაფერს ოფიციალური ძალა მიეცემა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ "ბენფიკამ", თუნდაც პლეი-ოფში გასვლისთვის მებრძოლმა "რეკორდმაისტერს" სტუმრად წინააღმდეგობა გაუწიოს. ფეხბურთის ქომაგს მორიგი გერმანული ფილმი ელის.
"ბარსელონამ" თავის მხრივ უკვე უნდა დაიწყოს მეორე ადგილზე გადასვლაზე ზრუნვა. "ბავარიას" "არწივებთან" მოგებითა და თავად კატალონიელების მიერ "დინამოს" დამარცხებით, ეს შესაძლებელია. ცხადია, კიევში არავის ელის იოლი გასეირნება, მითუმეტეს ამ ფორმაციის "ბლაუგრანას".
F ჯგუფი
ატალანტა-მანჩესტერი 23:59
ვილიარეალი-იანგ ბოიზი 23:59
"მანჩესტერმა" და "ატალანტამ" გასულ ტურში გვაჩუქეს ფეხბურთის ნამდვილი დღესასწაული. შეგახსენებთ, ბერგამოელები იგებდნენ 2:0-ს, თუმცა "იუნაიტედმა" მეტოქეს უპასუხა 3 გოლით და გამარჯვება ჩაიჯიბა. ვნახოთ, რა იქნება დღეს. პარალელურ მატჩში "ვილიარეალი" "იანგ ბოიზს" მიიღებს.
G ჯგუფი
სევილია-ლილი 23:59
ვოლფსბურგი-ზალცბურგი 21:45
ჯგუფი, რომელშიც გარკვეული არაფერია და ლიდერის არსებობის მიუხედავად, შანსები თითქოს თანაბარია. პირველ ადგილზე შვიდი ქულით არის "ზალცბურგი", რომელიც ესტუმრება "ვოლფსბურგს", "სევილია" მიიღებს "ლილს" და არაა გამორიცხული, რომ ამ ტურის შემდეგ, მდგომარეობა კიდევ უფრო ჩახლართული გახდეს.
H ჯგუფი
იუვენტუსი-ზენიტი 23:59
მალმიო-ჩელსი 21:45
მიმდინარე სეზონში "იუვენტუსი" გამოკიდებულია ორ უკიდურესობაში - ჩემპიონთა ლიგა, სამიდან სამი მოგება, 100%-იანი შედეგი და თვით "ჩელსიზე" წინ, სერია ა-ში კი ეს გუნდი ფლანგავს ქულებს და სადღაც ცხრილის შუაშია. დღეს წესით ტურინელების სწორედ საუკეთესო მხარე უნდა ვიხილოთ.
ლონდონელები "მალმიოსთან" თავის მხრივ ფავორიტები არიან როგორც საკუთარ კედლებში, ისე გასვლაზეც და დღეს დიდი ალბათობით სენსაცია არ შედგება. "არისტოკრატებს" არც რომელუ ლუკაკუს ტრავმა დაეტყოთ და ამაზე პრემიერ ლიგაში დაფიქსირებული შედეგებიც მეტყველებს. მოკლედ, ტომას ტუხელის საჭადრაკო პარტია გრძელდება.