3 ხმაურიანი ტრანსფერი, რომლის განხორციელებასაც კონტე იანვარშივე შეეცდება
„ტოტენჰემის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, გუნდის ფორმირებაზე ფიქრი უკვე დაიწყო.
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, იტალიელ ალენატორეს სამი ხმაურიანი შენაძენის განხორციელება სურს.
კონტეს მთავარ სატრანსფერო სამიზნეებს შორის არიან „ფიორენტინას“ თავდამსხმელი დუშან ვლაჰოვიჩი, „მილანის“ ნახევარმცველი ფრანკ კესიე და „ინტერის“ მცველი სტეფან დე ვრეი.
გარდა ამისა, კონტე არ ივიწყებს „ლაციოს“ მარჯვენა მცველს მანუელ ლაცარისაც.
როგორც ირკვევა, ლონდონური კლუბი მზადაა იანვარშივე მწვრთნელს 100-ზე მეტი მილიონი ევრო გამოუყოს ტრანსფერებისთვის. „დეზების“ ხელმძღვანელობამ მაქსიმალურად სცადა კონტესთვის თავიანთი პროექტი საინტერესო გაეხადა და ამიტომ, არც მაღალ ხელფასზე დაიხია უკან და არც სატრანსფერო მოთხოვნებზე.
„იუვენტუსის“, „ინტერის“ და „ჩელსის“ ექს-მწვრთნელის გუნდში მოსვლისთვის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ 3-4 ძლიერი ფეხბურთელის შეძენა იყო.