ჟოან ლაპორტა ხავის თაობაზე მოლაპარაკებების გასამართად ყატარში ჩაფრენას არ აპირებს

„ბარსელონას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა, „ალ სადთან“ მოლაპარაკებებისთვის ყატარში პირადად ჩასვლას არ აპირებს.
Radio Catalunya-ს ინფორმაციით, დოჰაში, ყატარის დედაქალაქში კლუბის ვიცე-პრეზიდენტი რაფა იუსტე და სპორტული დირექტორი მატეუ ალემანი გაფრინდებიან. ეს „დინამო კიევთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ მოხდება, რომელიც დღეს, 2 ნოემბერს გაიმართება.
პრესაში იწერებოდა, რომ ყატარული კლუბი ხავის გამოსაშვებად მოლაპარაკებებისთვის უშუალოდ ლაპორტას ჩამოსვლას ითხოვდა, თუმცა როგორც ჩანს, პრეზიდენტი ამის გაკეთებას არ აპირებს. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით მაინც.
ლეგენდარული ექს-ფეხბურთელი ხავი ერნანდესი „ბარსელონასთვის“ მწვრთნელად დანიშვნის მთავარი პრეტენდენტია. ამ ეტაპზე, გუნდს მეორე გუნდის მწვრთნელი სერხი ბარხუანი წვრთნის, რომელთან ერთადაც „ბარსამ“ ლა ლიგის ბოლო ტურში შინ „ალავესი“ ვერ დაამარცხა - 1:1.
ყველაზე მეტად ხავის დანიშვნას ის აპრობლემებს, რომ მას ყატარულ „ალ სადთან“ 2023 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი და გუნდს მასთან განშორების დიდი სურვილი არ აქვს.