ვინისიუსი: "არ აქვს მნიშვნელობა, რამდენს გამოვიმუშავებ, მთავარი მხოლოდ ის არის, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვარ"
"რეალის" თავდამსხმელმა, ვინისიუს ჟუნიორმა მადრიდულ კლუბთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ისაუბრა.
"ჩემთვის არაფერი უთქვამთ. ძალიან მშვიდად ვარ, რადგან კონტრაქტი ჯერ კიდევ რამდენიმე წელზეა გათვლილი", - აცხადებს ბრაზილიელი TNT Brasil-თან ინტერვიუში.
"რა თქმა უნდა, ახალი ხელშეკრულების გაფორმებას ვისურვებდი. ძალიან მინდა "რეალში" დიდხანს დავრჩე, მაგრამ ამ საკითხის თაობაზე მშვიდად ვარ".
"ახლაც ის კონტრაქტი მაქვს, რომელიც 16 წლის ასაკში გავაფორმე. არ აქვს მნიშვნელობა, როდის მოვაწერ ახალ ხელშეკრულებას ხელს და რამდენს გამოვიმუშავებ. მნიშვნელობა მხოლოდ იმ კმაყოფილებას აქვს, რომელსაც მსოფლიოს საუკეთესო კლუბში თამაშის შედეგად განიცდი", - დასძინა ვინისიუსმა.
21 წლის სამხრეთამერიკელს მოქმედი კონტრაქტის ვადა "რეალთან" 2024 წლამდე აკავშირებს. აქამდე არსებული ცნობით, ახალი ხელშეკრულების მიხედვით, ვინისიუსის წლიური ანაზღაურება შესაძლოა 3,5 მილიონიდან 10 მილიონ ევრომდე გაიზარდოს.