ვინისიუსი ნამდვილ სუპერვარსკვლავად ყალიბდება - რეალი ბრაზილიელს ხელფასის საგრძნობლად გაზრდას სთავაზობს
მადრიდის "რეალი" გუნდის თავდამსხმელ ვინისიუს ჟუნიორთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს.
მოქმედი ხელშეკრულების ვადა 21 წლის ბრაზილიელს 2024 წელს ეწურება, თუმცა, როგორც Marca იტყობინება, იმ წარმატებული თამაშის გამო, რომელსაც ახალგაზრდა შემტევი ამ სეზონში აჩვენებს, კლუბი გეგმავს ვინისიუსს კონტრაქტი მალევე გაუხანგრძლივოს და საგრძნობლად გაზრდილი ხელფასი შესთავაზოს.
ამჟამად ვინისიუსი "რეალის" ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია, მისი წლიური ხელფასი 3,5 მილიონ ევროს შეადგენს. ახალი ხელშეკრულების პირობების თანახმად, სამხრეთამერიკელის ჯამაგირი შეიძლება 10 მილიონამდე გაიზარდოს.
მიმდინარე სეზონში ვინისიუსმა ყველა ტურნირზე ერთად "ბლანკოსის" მაისურით 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 9 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
შეგახსენებთ, ახალგაზრდა ბრაზილიელი თავდამსხმელი მადრიდულმა გრანდმა 2018 წლის ზაფხულში "ფლამენგოდან" 45 მილიონ ევროდ იყიდა.