სკანდალებში გახვეული და პსჟ-ს სათადარიგოთა სკამზე მჯდომი იკარდი დიდი ალბათობით სერია ა-ში დაბრუნდება

"პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელს, მაურო იკარდის რთული პერიოდი უდგას. ლიონელ მესის "პსჟ"-ში მისვლის შემდეგ, მისი სათამაშო დრო მნიშვნელოვნად შემცირდა.
ცალკე აღნიშნვის ღირსია არგენტინელი ფორვარდის გარშემო გაჩაღებული ოჯახური სკანდალი. პარიზელთა შემტევმა უღალატა თავის მეუღლეს, ვანდა ნარას და ახლა წყვილს შორის გაურკვევლობაა.
"ლურჯ-წითლების" ცხრიანი კლუბიდან წასვლითაც კი იმუქრება, იმ შემთხვევაში, თუ არგენტინელი ქალბატონი მას არ შეურიგდება. რთული სათქმელია, თუ ვის წინააღმდეგ არის მიმართული 28-წლის გოლეადორის აღნიშნული მუქარა.
რაც არ უნდა იყოს, ფაქტია, Tuttomercatoweb-ის ინფორმაციით, იკარდის მისთვის კარგად ნაცნობ სერია ა-დან უკვე ჰყავს ორი მსურველი - ტურინის "იუვენტუსი" და "მილანი".
არგენტინელი ბომბარდირისთვის ბრძოლაში ფავორიტად "ბებერი ქალბატონი" მოიაზრება. "პარი სენ-ჟერმენი" კი არგენტინელი სტრაიკერის სანაცვლოდ 40 მილიონს ითხოვს.