ავტორიზაცია

ემერიმ საჯაროდ უარი თქვა — ნიუკასლის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის ახალი ფავორიტი გამოიკვეთა

ემერიმ საჯაროდ უარი თქვა — ნიუკასლის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის ახალი ფავორიტი გამოიკვეთა
თარიღი 04 ნოე 2021, 19:21

 "ვილიარეალის" მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ ესპანური კლუბის რიგებში დარჩენა ოფიციალურად დაადასტურა.

როგორც აქამდე გახდა ცნობილი, ესპანელი სპეციალისტისადმი ინტერესს "ნიუკასლი" იჩენდა, რომელმაც გასულ თვეში სტივ ბრიუსი გაათავისუფლა.

"აქ დარჩენა გადავწყვიტე. "ვილიარეალი" ჩემი სახლია და ამ პროექტის 100 პროცენტით მჯერა. ვამაყობ, რომ ტოპ-კლუბი დავაინტერესე, მაგრამ ამ გუნდში საოცრად ბედნიერი ვარ. ამიტომაც, ფერნანდო როიგს ("ვილიარეალის" პრეზიდენტი - ავტ.) დარჩენის შესახებ ვაცნობე".

"მინდა ამ პროექტის ნაწილი ვიყო, რადგან კლუბი და ფეხბურთელები ძალიან დიდ პატივს მცემენ. ეს პატივისცემა ორმხრივია", - წერს ემერი სოციალურ ქსელში.

50 წლის მწვრთნელი "ვილიარეალს" 2020 წელს ჩაუდგა სათავეში. გასულ სეზონში მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ევროპა ლიგა მოიგო - ისტორიაში პირველი ტიტული.

"ნიუკასლის" შეთავაზებაზე ემერის უარის შემდეგ, "კაჭკაჭების" დამრიგებლის თანამდებობაზე დანიშვნის მთავარი კანდიდატი ედი ჰაუა, რომელიც გასული წლის ზაფხულში "ბორნმუთიდან" წავიდა და მას შემდეგ უმუშევარია.