ალ სადის ულტიმატუმი ბარსელონას — ყატარული კლუბის მფლობელს ლაპორტასთან შეხვედრა პირადად სურს
"ალ სადის" მფლობელი, შეიხი მოჰამედ ბინ ჰამად ალ ტანი პირადად გეგმავს "ბარსელონას" პრეზიდენტ ჟოან ლაპორტასთან შეხვედრას მწვრთნელ ხავის გადაბარგების საკითხის განსახილველად.
როგორც აქამდე გახდა ცნობილი, ლაპორტამ ყატარში გამგზავრება არ ისურვა და მოლაპარაკებებზე სპორტულ საკითხებში კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, რაფა იუსტე და დირექტორი, მატეუ ალემანი გაგზავნა.
იუსტე და ალემანი დოჰაში ჩავიდნენ, მაგრამ "ალ სადის" მფლობელი მათთან შეხვედრას არ აპირებს და ლაპორტასთან შეხვედრა უნდა. თუ "ბარსას" პრეზიდენტი მოლაპარაკებებში არ ჩაერთვება, მაშინ შეიხიც არ მიიღებს მონაწილეობას.
"ალ სადსა" და ხავის შორის გაფორმებულ კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის პუნქტია ჩადებული, რომელიც 5 მილიონ ევროს შეადგენს. ყატარული კლუბი ამ თანხის გადახდას მოითხოვს, თუ "ბარსა" პატივისცემას არ გამოიჩენს და სანაცვლოდ არაფერს შესთავაზებს.
შეგახსენებთ, "ბარსელონამ" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რამდენიმე დღის წინ რონალდ კუმანი დაითხოვა და 41 წლის ესპანელ სპეციალისტს განიხილავს მის შემცვლელად.